თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა აქვთ სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც კოვიდ-ინფიცირებული პირები პორტალზე https://er.moh.gov.ge/ დარეგისტრირდებიან, აღნიშნული ინფორმაცია „112“-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
ახალი პორტალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრ „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა, რომლის დანერგვის მიზანი მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნაა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.