თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. კორონავირუსზე PCR-ტესტის და ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლოა ფასიანი გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით უახლოეს მომავალში შესაძლოა გარკვეულ დაწესებულებებში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა აიკრძალოს. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ვაქცინაციას უფასოდ სთავაზობს, ის ვალდებული აღარ არის ტესტირებების ხარჯი აანაზღაუროს.
„სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან. მაგრამ თუ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში წასვლა, მაშინ კეთილი ვინებოთ და უკვე ჩვენი ხარჯით ან ჩვენი დამსაქმებლის ხარჯით გადავიხადოთ თანხა ტესტირებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება შევიდეს ძალაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი იქნება ვაქცინირებული.
„ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთხელ აცრილი ადამიანიც შევიდეს ასეთ დახურულ შენობაში, ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე, ან თუ ის აცრილი არ არის, მას ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული PCR-ტესტი, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 715.912 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 218.167 ადამიანი. 11 აგვისტოს კი დაფიქსირდა ვაქცინაციის მორიგი რეკორდი - ერთ დღე-ღამეში 25.933 ადამიანი აიცრა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.