თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 23 ადგილობრივი და ორი საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია უკვე გაიარეს ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კი „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა" (IFES) და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISHR).
საარჩევნო პროცესების გაშუქების მიზნით ცესკოში აკრედიტაციას მასმედიის წარმომადგენლებიც გადიან. ამ დროისათვის რეგისტრაცია უკვე გაიარეს „პირველი არხის“ 46-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა და „აჭარის ტელევიზიის“ ოთხმა ჟურნალისტმა და ოპერატორმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.