„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა

„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 15 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დამატებულ რეისზე „თბილისი–ბათუმი–თბილისი“ ბილეთები უკვე იყიდება.
მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 07:20 საათზე გავა, ბათუმში იქნება 12:55 საათზე. ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გამოვა 17:50 საათზე და თბილისში ჩამოვა 23:22 საათზე.
„საქართველოს რკინიგზამ" ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა
რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები. კერძოდ, მგზავრს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.