თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არც ერთი პარტია არ მოსწონს – ასეთია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვა 3–25 ივლისის პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლებ პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2.016 ადამიანი. ცდომილება +/-1,3%-ია.
კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს“, გამოკითხულთა 51%-მა უპასუხა, რომ არც ერთი. 19%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ან თქვა, რომ არ იცის.
რაც შეეხება დანარჩენ გამოკითხულებს, მათი სიმპათია ამგვარად გადანაწილდა: 18% – მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, 6% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 6% – სხვა პარტიები.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 61% მზადაა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, 18% შეიძლება წავიდეს არჩევნებზე. არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 16%, პასუხი არ იცის – 3%-მა.
NDI-ს გამოკითხვა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მეორე დიდი კვლევაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩატარდა. მანამდე გამოკითხვის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) წარმოადგინა.
ამგვარად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეიტინგებში ლიდერობს „ქართული ოცნება“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“.
თუმცა პარტიები არ ენდობიან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს და აცხადებენ, რომ ყველაზე მთავარი გამოკითხვა არჩევნების დღეს – 2 ოქტომბერს ჩატარდება.