ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, მათი განვითარებისა და გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრეს.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ზურაბიშვილმა საუბრისას თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თურქ ხალხს სტიქიასთან ბრძოლაში გამძლეობა და წარმატება უსურვა.
საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს
თურქეთის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთისთვის არა მხოლოდ მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მეგობარი ქვეყანაა და ეს დიდი მეგობრობა საქართველომ განსაცდელის ჟამს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, მათ განვითარებაზე და იმ შესაძლებლობების გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრეს, რომლებიც არსებობს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.
საქართველოს პრეზიდენტმა საუბრის დასასრულს ერდოღანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. ამ დროისათვის საკმაოდ ძლიერი ცეცხლია თურქეთის ორ პროვინციაში - მუღლაში და ისპარტაში. ხანძრების შედეგად თურქეთის სამხრეთ და დასავლეთ სანაპიროებზე სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.