თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკშია და ინფიცირების ახალი შემთხვევების სტატისტიკა იქნება მზარდი, განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„დღეისათვის ჩვენ ჯერ კიდევ დადებითობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის არის ნიშანი, რომ სტატისტიკა მზარდი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის დაახლოებით 46 ათასი აქტიური შემთხვევაა და აქედან დიდი ნაწილი ოჯახის ექიმების მიერ იმართება. რაც შეეხება საწოლფონდს, კოვიდ-პაციენტებისთვის დაახლოებით 8 ათასი ადგილია მობილიზებული, რომელთა დიდი ნაწილი თბილისზე მოდის.
ტიკარაძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი მიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინფექციის მართვისა და მეოთხე ტალღის პიკის დასტაბილურებისთვის აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, განაცხადა მინისტრმა.
ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი გაიზარდა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვების ვაქცინაციის მსოფლიო პრაქტიკა იქნება, აღნიშნულ პროცესს საქართველოც შეუერთდება. ტიკარაძემ მშობლებს რეკომენდაციების დაცვისა და მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ინფიცირების შემთხვევების გაზრდის გამო გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ 80 ოჯახის ექიმის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. უწყება ასევე მუშაობს ონლაინ–კლინიკების გაფართოებაზე.
კვირის ბოლოსთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართოს.
„კვირის ბოლოს სამინისტროში კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, განვსაზღვრავთ – რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და, როგორც ყოველთვის, წერილობით ფორმით საბჭოს განსახილველად წარვუდგენთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5.352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი.