კულტურის სამინისტრო დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმს დააფინანსებს

სამინისტროს ცნობით, ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო – როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი, საავტორო უფლებები კი ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს.
სამინისტროს განმარტებით, ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი სიმბოლურად დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღეს, 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ.
უწყების ცნობით, ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა.
კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი და ახალგაზრდობა: თეა წულუკიანის ათწლიანი გეგმა
კონკურსის პირველ ეტაპზე (2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში) კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სცენარის სინოფსისი მაქსიმუმ სამ გვერდამდე, რეჟისორის ხედვა და პროდიუსერის ხედვა.
მეორე ეტაპზე (არაუადრეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა) კულტურის სამინისტრო შექმნის დარგის სპეციალისტებისგან შემდგარ პროფესიულ კომისიას, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი პროექტებიდან შეარჩევს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს სამისა) საუკეთესო პროექტს.
შერჩეულ პროექტს ან პროექტებს მიეცემა დაფინანსება 5 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და კომპანიას მიეცემა დრო (2021 წლის 25 დეკემბრამდე), რათა წარმოადგინოს დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 გვერდისა, ასევე ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია (დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ლოკაციები და სხვა).
უფრო მეტი კინო - საქართველოში კინოპავილიონების განვითარებას გეგმავენ>>
უწყების ცნობით, მოცემული ეტაპის ბოლოს კომისია გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულს. კულტურის სამინისტრო გამარჯვებულს დაუფინანსებს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის შექმნას, რისთვისაც განსაზღვრული თანხაა 7,5 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
კონკურსის მესამე ეტაპზე (სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ) კომისია განიხილავს სცენარს. კომპანიას მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დასაწერად. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7,5 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით.
წელს დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება
გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის ჯამში მიიღებს 20 ათას აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.
კონკურის ბოლო, მეოთხე ეტაპზე, სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს. 
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.