თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. 2021 წლის სექტემბერში დაგეგმილი ბათუმის კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Batumi Black Sea Music and Art Festival აღარ ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო იუნესკოს ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად მიიღეს. მათი ინფორმაციით, რიგით მეცხრე ფესტივალი 2022 წლის სექტემბერში იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება.
2020 წლის ოქტომბერში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვების თანახმად, ფესტივალი ონლაინ–ფორმატში, მაყურებლის დასწრების გარეშე გაიმართა.
ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელმა ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა.
ფესტივალი იმართება იუნესკოსა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით.