ახალციხეში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მასწავლებლების ვაქცინაცია ჩატარდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ახალციხეში მასწავლებლებმა და სკოლების თანამშრომლებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებსა და ცნობილ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ვაქცინაცია ჩაიტარეს. ინფორმაციას UNICEF Georgia ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე 60-მდე პედაგოგმა მიღო ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინაციის სხვადასხვა საკითხის შესახებ. შეხვედრის შემდეგ მათი უმრავლესობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
შეხვედრებზე წამყვანმა ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა: COVID-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და COVID-19-ის გართულებები ბავშვებში; ალერგიების, ასევე გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ვაქცინაციის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფის ინფორმირებას, როგორიცაა მასწავლებლები და მათ ჩართვას ვაქცინაციის პროცესში. 
საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმუნიზაციისა და სათანადო უსაფრთხოების ზომების დაცვით ბავშვებისთვის სკოლების გახსნის მნიშვნელობას.
მცხეთა-მთიანეთში სოფლის ამბულატორიებმა ადგილზე ვაქცინაცია დაიწყეს
„პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირთადი პერსონალის, როგორებიცაა მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს მისაღწევად. პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას, იმუნიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანის სასწრაფოდ ჩართვა ვაქცინაციის პროცესში“, - აღნიშნა საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა.
აღნიშნულია, რომ შემდეგი შეხვედრები ზუგდიდსა და მესტიაშია დაგეგმილი.
„იუნისეფი“ ადვოკატირებას უწევს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სხვადასხვა ჯგუფებში - მასწავლებლებში, ექიმებში, რელიგიურ ლიდერებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში. გაიმართა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები, რომელთაც მოჰყვა სამიზნე  ჯგუფების ვაქცინაცია.
კიდევ ერთი სახიფათო შტამი: „იოტა“ ლეტალობას თითქმის ორჯერ ზრდის – მეცნიერთა დასკვნა
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ეხმარება მთავრობას რუტინული იმუნიზაციის პროგრამების გატარებაში და მისი თხოვნით COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ხელი შეუწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებაში.
სკოლის პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე დაბალია. 11 აგვისტოს დილის მონაცემებით, ერთი დოზით აცრილია სკოლების მხოლოდ 1.308 წარმომადგენელი. სულ კი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67,3 ათასი პედაგოგია.