სუსმა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალება ბოლო დღეებში სუსის კულუარებიდან ინფორმაციას აქვეყნებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სიცრუეს უწოდებს
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების გამო „სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების“ მუხლით გამოძიება დაიწყო.
„როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სუს-მა აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ ვაჭრობის ფაქტები გამოავლინა
სუსის ინფორმაციით, ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.
რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალება ბოლო დღეებში სუსის კულუარებიდან ინფორმაციას აქვეყნებს. ყველაზე გახმაურებული გახდა „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული თითქოსდა სუსის თანამშრომლების რაპორტის პუბლიკაცია, რომლებიც ფარულ მიყურადებას ახორციელებდნენ.
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუსი უსმენს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების თანამშრომლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომლის სატელეფონო საუბრებს და ასევე უთვალთვალებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ბიზნესმენებსა და სასულიერო პირებს მათი ინტიმური ცხოვრების დეტალების გარკვევის მიზნით.
ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოიკითხა: საქმე ე.წ. რევოლუციურ სცენარს ეხება
მანამდე ტელეარხმა „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია სუსის თანამშრომლებზე ჯანდაცვის სამინისტროში და ამ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტზე სუსის ხელმძღვანელ გიორგი ლილუაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის.
თავად სუსში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს არის უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.