სიკვდილიანობა 137%-ით გაიზარდა – ივანე ჩხაიძე დელტა შტამის გავრცელებაზე

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – გარდაიცვალა 54 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. „დელტა“ შტამის გამო ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 85%-ით, ლეტალობა კი 137%-ით არის გაზრდილი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
გარდაიცვალა 54: 10 აგვისტოს კოვიდ–სტატისტიკა>>
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც.
ჩხაიძის თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება შეაჩეროს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ.
როგორ უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მეოთხე ტალღას – მინისტრის პასუხი
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 455.846-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 54 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.182-ს მიაღწია.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში ხუთზე მეტი პირის შეკრების შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი მუშაობა რეგულაციების დაცვით მხოლოდ 24:00 საათამდე შეუძლიათ.