დოჰაში მოლაპარაკებები იწყება: აშშ თალიბებს შეტევების შეწყვეტას მოსთხოვს

შეხვედრაზე, რომელსაც „თალიბანის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი ავღანეთში შეტევების შეწყვეტას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთის შერიგების საკითხებში ზალმაი ჰალილზადი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრა, რათა მოლაპარაკებები აწარმოოს ავღანეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოუწოდოს თალიბებს, შეწყვიტონ შეტევა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე.
„სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი რაუნდებისას რეგიონის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, ასევე მრავალეროვნული ორგანიზაციები ძალადობის დონის შემცირებას და ცეცხლის შეწყვეტას, ასევე ძალით თავს მოხვეული მთავრობის არაღიარებას მოითხოვენ“, — წერია რელიზში.
სააგენტო РИА Новости-ს წყაროს ინფორმაციით, დოჰაში მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს, სამშაბათს დაიწყება, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ავღანეთში ბოევიკები თავს დაესხნენ თავდაცვის მინისტრის მოვალეობების შემსრულებლის სახლს
ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და „თალიბანის“ დაპირისპირება გრძელდება. ბოლო თვეების განმავლობაში თალიბებმა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს სოფლებსა და საზღვრისპირა რაიონებში და დიდ ქალაქებზე შეტევები წამოიწყეს. 6 აგვისტოს თალიბებმა განაცხადეს, რომ აღებული აქვთ 34-დან ხუთი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრები, მათ შორის ქალაქი კუნდუზი. დასავლური მედიის აზრით, კუნდუზის „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლა შესაძლოა ავღანეთის სიტუაციაში გარდატეხის მომასწავებელი იყოს. თუმცა ოფიციალური ქაბული უარყოფს ინფორმაციას, რომ კუნდუზზე კონტროლი დაკარგა.
ესკალაცია ქვეყნიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის ფონზე მიმდინარეობს. ვაშინგტონმა და „თალიბანის“ წარმომადგენლებმა 2020 წელს სწორედ დოჰაში მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, რაც პირველი შემთხვევა იყო 18-წლიანი ომის განმავლობაში. შეთანხმება ითვალისწინებდა ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანას 14 თვის განმავლობაში და დიალოგის დაწყებას ტყვეების გაცვლის შემდეგ.