დიპლომატიური სკანდალი: ჩინეთმა ვილნიუსიდან საკუთარი ელჩი გაიწვია

ოფიციალურმა პეკინმა მოუწოდა ვილნიუსს, დაუყოვნებლივ გაასწოროს მცდარი გადაწყვეტილება, მიიღოს შესაბამისი ზომები და არ გაჰყვეს არასწორ გზას.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ჩინეთმა ვილნიუსიდან საკუთარი ელჩის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთი G7-ის განცხადებით აღშფოთებულია: საელჩო წერილს აქვეყნებს
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლიეტუვის ხელისუფლებამ ტაივანს ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნის უფლება მისცა.
მანამდე ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ უმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუნძული ვილნიუსში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავდა, ხოლო ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა აუშრინე არმონაიტემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ლიეტუვა ოქტომბერ-ნოემბერში ტაივანში სავაჭრო წარმომადგენლობას გახსნის.
„ცოტა ხნის წინ ლიეტუვის მთავრობამ, მიუხედავად ჩინეთის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა შედეგების თაობაზე, განაცხადა, რომ უფლებას მისცემს ტაივანის ადმინისტრაციას, გახსნას წარმომადგენლობა ტაივანის სახელით. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ კომუნიკეს პრინციპების უხეში დარღვევაა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას და მთავრობამ ლიეტუვიდან ჩინეთის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან სთხოვა ლიეტუვის მთავრობას, მანაც გაიწვიოს ჩინეთიდან საკუთარი ელჩი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსენებს ლიეტუვას, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და მისი მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს“.
ოფიციალური ურთიერთობები ჩინეთის ცენტრალურ მთავრობასა და მის კუნძულოვან პროვინციას შორის 1949 წელს შეწყდა მას შემდეგ, რაც კომუნისტურ პარტიასთან სამოქალაქო ომში დამარცხებული გომინდანის ძალები, ჩან კაიშის სარდლობით, ტაივანზე გადავიდნენ. კუნძულსა და მატერიკულ ჩინეთს შორის საქმიანი და არაფორმალური კონტაქტები 1980-იანების ბოლოს აღდგა, ხოლო 1990-იანების დასაწყისიდან მხარეები არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებენ კონტაქტებს.