საქართველოს თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

უწყების ცნობით, დღეიდან ჯარისკაცები საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან.
Sputnik
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ხერთვისის ციხეზე 83-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს
ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს ასევე სიტყვით მიმართა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ.
რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) გაიარეს. 8 კვირის განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ახალქალაქში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.