რომის პაპს კონვერტით სამი ტყვია გაუგზავნეს: მიმდინარეობს გამოძიება

საფრანგეთიდან მიღებული საეჭვო კონვერტი ფოსტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს კორესპონდენციის დახარისხებისას.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მილანის სამართალდამცველი ორგანოები რომის პაპისთვის განკუთვნილ კორესპონდენციასთან დაკავშირებულ ინციდენტს იძიებენ, იუწყება ABC News-ი იტალიის სამხედრო პოლიციაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მილანის გარეუბანში მდებარე ფოსტის თანამშრომლებმა კორესპონდენციის დახარისხებისას გამოავლინეს პონტიფიკოსის სახელზე მიღებული წერილი, რომელშიც სამი ტყვია იდო.
გზავნილში, სავარაუდოდ, პისტოლეტის ტყვიები იყო და ასევე იდო წერილი, რომელიც ვატიკანში ფინანსურ ოპერაციებს ეხებოდა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება. ვატიკანს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.