თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრს ვაქცინაციის ჩატარება შესთავაზა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
პრემიერის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება.
„ჩემი ინიციატივაა შევთავაზოთ ცესკოს – რაც შეიძლება მალე ჩაატაროს კომისიის ყველა წევრის ვაქცინაცია. ჩვენ ასევე გვსურს ვაქცინაცია შევთავაზოთ კანდიდატებს და მთლიანობაში ყველას, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, რათა მაღალი სტანდარტების, კორონავირუსისგან დაცული და უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კვირას, 8 აგვისტოს ქვეყნის პრემიერი Pfizer-ის პრეპარატით საჯაროდ აიცრა.
მან მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არა ახალი „ლოკდაუნით“, არამედ ვაქცინაციითაა შესაძლებელი პანდემიის დამარცხება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინირებულია 626.343 ადამიანი, მათგან სრული, ორი დოზით – 194.449 პირი.