პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო ხდება

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო დროს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 10 აგვისტოდან საქართველოში ღია სივრცეებში 5-ზე მეტი პირის შეკრებისას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისს მოიხსნა, თუმცა პირბადის ტარება სავალდებულო იყო დახურულ სივრცეებში.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია.  სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,54%-ია, ბოლო 14 დღის – 8,74%, ბოლო 7 დღის – 9,75%. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3.146 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია.