ნინოწმინდის პანსიონს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯარიმა დააკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტეს, რომ პანსიონის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ლახავს მათ ღირსებას.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვანთა აუდიო-ვიდეოჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მიერ არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერების სოციალურ ქსელში გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონის ხელმძღვანელმა საკუთარ Facebook-გვერდზე განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ასახული იყვნენ პანსიონის არასრულწლოვანი ბენეფიციარები.
საქართველოში დიდი ბავშვთა სახლების დახურვის გეგმა უახლოეს მომავალში იქნება მზად
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერები 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ მიუხედავად 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში პანსიონში განვითარებული მოვლენებისა და იქ მცხოვრები ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესისა, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო.
„ჩანაწერებში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო არასრულწლოვნების სხვადასხვა მონაცემი: სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ინფორმაცია პანსიონის მზრუნველობის ქვეშ ბავშვის ყოფნისა და არსებული/სასურველი საცხოვრებელი ადგილ(ებ)ის შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ შემოწმების პროცესში პანსიონმა არ ითანამშრომლა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურთან. კერძოდ, სამსახურს არ მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.
საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია განიხილეს
საბოლოოდ, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს არასრულწლოვანთა მონაცემების არაპროპორციული მოცულობით გასაჯაროებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.
წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს შეხვდა
ნინოწმინდის პანსიონს ამჟამად ახალი ხელმძღვანელი - ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ჰყავს, ხოლო მისი წინამორბედი მეუფე სპირიდონი პანსიონში ომბუდსმენის და სხვა ოფიციალური პირების შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა პირველ რიგში დაწესებულებაში საკადრო წმენდა ჩაატარა და 40 აღმზრდელიდან მხოლოდ ნახევარი დატოვა. 
ბოლო ინფორმაციით, პანსიონიდან გაყვანილია 38 ბავშვი, ხოლო დარჩენილი 15 ბავშვის უსაფრთხო გარემოზე 24-საათიან რეჟიმში სოცმუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.