Georgian Airways თბილისი-მინსკი-თბილისის მიმართულებას ამატებს 

რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11 აგვისტოდან თბილისი-მინსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
უწყებაში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება.
თბილისის გარდა, მინსკიდან ფრენები ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებითაც ხორციელდება.
საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანიაა: რეისების 88% აღდგენილია
სააგენტო მგზავრებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოები პერიოდულად ცვლიან სასაზღვრო შეზღუდვებსა და სანიტარული მოთხოვნებს, რაც შემდგომში აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
ავიაკომპანია Belavia ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს
ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისთვის რეისების 88% აღდგა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და 385-405 სიხშირით კვირაში ხორციელდება.