თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მისი განმარტებით, კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
„კვების ობიექტების მუშაობა შეზრუდულია 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.