თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა, არ უნდა გაუქმდეს დესტრუქციული მხარის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამო, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 26 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მუდმივად არღვევდნენ შეთანხმებას და „ქართული ოცნება" იყო ერთადერთი, ვინც მას ასრულებდა. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს, ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს.
პრეზიდენტის თქმით, მმართველი პარტია, ერთის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას" დესტრუქციულ ძალას უწოდებს, მეორე მხრივ კი მის გამო უარყოფს მნიშვნელოვან შეთანხმებას და ამ დროს მას უწოდებს „მთავარ ოპოზიციურ პარტიას".
„თემა - მთავარი ოპოზიციური პარტია არასწორია. ამ პარტიამ ამოირჩია მარგინალიზაცია. არ მოაწერა ხელი (მიშელის დოკუმენტს), დარჩა ქუჩაში, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ ხალხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უფრო მისაღები იყო შარლ მიშელის შეთანხმების პირველი ვარიანტი, სადაც არ იყო საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იან მაჩვენებელზე, რომელიც მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს.
„მე არაფერს უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ შეიცავდა ამ 43%-ს და მმართველმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ვერსიას, სადაც ეს პუნქტი უკვე ასახული იყო. ცხადია, მე უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობის ასე ადვილად დათმობა ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების მხარეებს ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა არის მისაღები ან მიუღებელი საზოგადოებისთვის.
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეთანხმება 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმდა. ამ შეთანხმებამ ამოწურა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდებოდა.
შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ და „ევროპულმა საქართველომ“. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, შევიდა პარლამენტში, მაგრამ ამით კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა.
ივლისის დასაწყისში სამი ოპოზიციური ფრაქცია კვლავ გადავიდა პარლამენტის სხდომების ბოიკოტზე 5 ივლისის მოვლენების გამო, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ხოლო „ტვ პირველის“ ნაცემი ტელეოპერატორი 11 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.