მკვლელობა კასპში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

26 წლის ლ.ხ.-ს 50 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 6 აგვისტოს 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც სოფელში მდებარე ლუდის ჯიხურთან დაიწყო. დაპირისპირების შედეგად ასევე დაჭრილია ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. რაც შეეხება დამნაშავეს, მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო. ბოროტმოქმედი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მკვლელობაში ბრალდებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ.ხ.-მ შურისძიების მოტივით გ.გ.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, გ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ლ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.