პირი, რომელიც ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე დააკავეს, ბერია

ბრალის დამტკიცევის შემთხვევაში დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
 
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი ბერი ანტონი (მაისურაძე) წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
სისხლიანი დაპირისპირება ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, 6 აგვისტოს მოხდა.
გამოძიებით ცნობით, ბრალდებულსა და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ პირს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ბრალდებულმა კი მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
„დაკავებული წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.