თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატოს ქვეყნები, ასევე უკრაინა და აზერბაიჯანი, დამთავრდა.
მრავალეროვნული სწავლება ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიით გუშინ დასრულდა.
„საერთაშორისო წვრთნების, „მტკიცე სულის“ თუ „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დახურვის ცერემონიაზე.
ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს გაიხსნა. საქართველო სამხედრო სწავლებას, რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდა, 6 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობდა. წვრთნებში მონაწილეობდა 700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.
ოფიციალური მოსკოვი ნატოს წვრთნებს საქართველოში საყურადღებოდ მიიჩნევს.
„საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული მონიტორინგის საგანია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. სწავლების მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.
რუსულმა მხარემ, თავის მხრივ, არაერთხელ გამოხატა შეშფოთება თბილისის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ნატოსთან ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში. ამის შესახებ უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმო0მადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.