იარაღის შენახვა-გადატანის წესები შეიცვალა: დამტკიცებულია ახალი რეგულაციები

იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები უკვე ხელმოწერილია შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომალუარის მიერ
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის წესში ცვლილებები შევიდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოში გაზისა და ხმოვანი იარაღოს იარაღის ტარების წესები გაამკაცრეს
ცვლილებები უკვე დამტკიცებული და ხელმოწერილია მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ.
ახალი წესის თანახმად, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, სანადირო იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა; ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში.
ბრძანებითვეა განსაზღვრული იარაღის არასრული დაშლის განმარტებაც.
„იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან დამატებითი რეგულაციები განისაზღვრა იარაღის შენახვასთან დაკავშირებითაც. ახალი წესის თანახმად, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რა დროსაც უნებლიე გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვება გამორიცხული იქნება. იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.
ბრძანებაში შესული ცვლილებით განისაზღვრა აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესებიც.
შესაბამისად, აკუსტიკური იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად.
აღნიშნული წესების დამრღვევი პირი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლებით დაისჯება.