თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და მათ მუშაობა რთულ პირობებში უწევთ.
„სამუშაო საათები კი არ შეგვიმცირეს, დაგვიმატეს და ხელფასები, ფაქტობრივად, შეგვიმცირეს. გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თავის მხრივ, „თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანამშრომლებს სამუშაო საათები არ მომატებიათ და, შესაბამისად, ხელფასების გაზრდის საკითხის განხილვა არ მოხდება.
აქციის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი მუშაობას არ გააგრძელებენ.