ტაილანდმა მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აკრძალა

ტაილანდი პირველი სახელმწიფო არ არის, რომელმაც ტურისტებისგან ბუნების დაცვა ამ მეთოდით გადაწყვიტა – ასეთივე წესი მოქმედებს პალაუსა და ჰავაიზეც.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტაილანდში მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აიკრძალა, ვინაიდან ეს საზღვაო ეროვნულ პარკებში მარჯნის რიფებს ზიანს აყენებს, იუწყება ВВС.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია იმ დამცავ საშუალებებზე, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, და რომლებსაც დამსვენებლები ხშირად იყენებენ. აღნიშნული ტიპის ლოსიონები ნელა მზარდ მარჯნებს აზიანებს.
მარჯნების გადარჩენის ოპერაცია კარიბის ზღვაში – ფოტო
ტაილანდის ბუნების დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ის ოთხი ინგრედიენტი, რომლებიც ჩვეულებისამებრ შედის მზისგან დამცავი კრემების შემადგენლობაში, ანადგურებს მარჯნის ლარვებს, ხელს უშლის მარჯნის გამრავლებას და იწვევს რიფების გაუფერულებას.
ამიერიდან ნებისმიერი, ვინც ამ წესს დაარღვევს, 100 ათასი ბატით (3 ათასი დოლარი) დაჯარიმდება.
თუმცა ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით არ განუმარტავთ, როგორ აპირებენ ამ წესის გამოყენება–დაცვას.
აღინიშნება, რომ ტაილანდი პირველი ქვეყანა არ არის, სადაც ამ სახით გადაწყვიტეს წყლის სამყაროს დაცვა ტურისტებისგან. ასეთივე აკრძალვები დაწესებულია წყნარი ოკეანის კუნძულ პალაუზე და ასევე ჰავაიზე (აშშ).