საქართველოს საელჩო საბერძნეთში თანამემამულეებს აფრთხილებს

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ტყის ტერიტორიაზე შესვლას და ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საელჩო საბერძნეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საჭიროების შემთხვევაში საელჩოსთან დაკავშირებას ურჩევს. 
საბერძნეთში გაჩენილმა ტყის ხანძრებმა ათენამდე მიაღწია – ვიდეო
საელჩო თანამემამულეებს მოუწოდებს, მოერიდონ ყველანაირ საქმიანობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გაჩენა, და თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.
„ძვირფასო თანამემამულეებო! არ ცხრება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე. მოგიწოდებთ ზედმიწევნით გაითვალისწინოთ სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები. აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა. თუ შენიშნავთ კვამლს ან ცეცხლს თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე – 199“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი – 6995779793.
საბერძნეთში ტყის ხანძრებს 100-ზე მეტ წერტილში ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 45 გრადუსს მიაღწია. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.