ანდრეი კოცი
მანევრები ორი კვირა გასტანს ერთდროულად 17 სასაათე სარტყელში — ეს პენტაგონისთვისაც კი ბევრია. მიზანი — თვალსაჩინოდ დაანახოს ჩინეთსა და რუსეთს ამერიკული ფლოტის სიძლიერე.
მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება
წვრთნების სცენარი — აშშ-ის მიერ გლობალური წინააღმდეგობის გაწევაა ნებისმიერი სავარაუდო მტრისთვის მთელ მსოფლიოში. ამერიკელები ახალ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ილეთებს, ხომალდების საგემბანე ავიაციასთან ურთიერთქმედებას დაამუშავებენ, საქმეში შეამოწმებენ მოწინავე შეიარაღებასა და ტექნიკას.
ადმირალებს სურთ დაამტკიცონ რამდენიმე რეგიონში ერთდროულად მოქმედების უნარი. ჩართეს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველა ტიპის ხომალდი — ავიამზიდები, სარაკეტო კრეისერები, ესკადრონული ნაღმმზიდები, წყალქვეშა ნავები, ვერმფრენმზიდები, მცურავი დოკები. ხუთი ოპერატიული ფლოტის 36 ვიმპელი და საზღვაო ქვეითთა სამი საექსპედიციო დივიზია. ივარაუდება უპილოტო და საზღვაო ავიაციის აქტიური გამოყენება. კერძოდ, ავიამზიდი „კარლ ვინსონი“ პირველად გავიდა ზღვაში გამანადგურებელ F-35С-ებით „საგემბანეების“ სახით.
სწავლების გეოგრაფია: ატლანტიკის, წყნარი ოკეანე, სამხრეთ ჩინური და აღმოსავლეთ ჩინური ზღვები, შავი და ხმელთაშუა ზღვები. ფართოა ამოცანების წრეც.
სარდლობის მთავარი მიზანი — სახომალდო შენაერთებს შორის ურთიერთქმედების დამყარება, ინფორმაციის გაცვლისთვის საიმედო არხის შექმნა, წყალზედა, წყალქვეშა და საჰაერო ძალების კოორდინირება. გარდა ამისა, დამუშავდება განაწილებული საზღვაო ოპერაციები, მოწინავე ბაზების განშლა, პირობითი მოწინააღმდეგის სანაპიროებთან ახლოს მოქმედებები.
საინტერესო დეტალი: ამერიკელები თანდათანობით უარს ამბობენ ცალკეულ ავიამზიდ შემტევ ჯგუფებზე, როგორც ზღვაზე ომის ძირითად საშუალებაზე. აშშ-ის ფლოტების სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა კრისტოფერ გრეიდიმ განაცხადა, რომ ავიმზიდების საიერიშო დაჯგუფებები ახლა უფრო მსხვილ ფორმირებებში მოექცევა ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ. მთავარ როლი ნაკლებად მსხვილ შენაერთებზე გადავა.
„ჩვენ უკვე კარგად ავითვისეთ ავიმზიდების საიერიშო დაჯგუფებების სტრატეგია და ტაქტიკა, — უთხრა ჟურნალისტებს სამხედრო-საზღვაო კოლეჯის პროფესორმა ჯეიმს ჰოლმსმა. — სწავლებებზე აქცენტი მცირე ზომის ხომალდების მობილური ჯგუფებისკენ გადაინაცვლებს, რომლებიც თავისთავადაც ეფექტურია და სხვა შენაერთებთან ერთადაც. ამ ჯგუფებმა ბრძოლის უნარი დანაკარგების შემდეგაც უნდა შეინარჩუნონ. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვუბრუნდებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მიდგომას, როდესაც ჩვენ ბევრი არცთუ ძვირი და საკმაოდ ეფექტური ხომალდი გვყავდა. ნაწილი დავკარგეთ, მაგრამ ფლოტმა მთლიანობაში შეინარჩუნა ბრძოლისუნარიანობა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მზადყოფნა დანაკარგებისთვის – არის კიდეც სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის“.
გლობალური მიზნები
ანალიტიკოსების აზრით, Large Scale Exercise იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც ვაშინგტონისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას ცდილობენ საერთაშორისო არენაზე. პირველ რიგში საუბარია რუსეთსა და ჩინეთზე. ამას თავად ორგანიზატორებიც არ მალავენ.
იმის გათვალისწინებით, რომ წვრთნების გარკვეული ეტაპები ყირიმისა და ტაივანის სანაპიროებთან ახლოს ჩაივლის, ამერიკელმა მეზღვაურებმა შეიძლება რუსი და ჩინელი სამხედროებისთვის „ნერვების მოღუტუნების“ რისკზე წასვლა გადაწყვიტონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ისეთი პროვოკაციები, როგორიც ივნისში მოხდა ბრიტანული Defender-ის მონაწილეობით შავ ზღვაში. თუმცა ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ წვრთნების მთავარი მიზანი მაინც უფრო გლობალურია.
„ბუნებრივია, პენტაგონი ხუთ ფლოტს იმისთვის არ გზავნის ლშქრობაში, რომ მეზღვაურებმა უბრალოდ წაივარჯიშონ, — უთხრა РИА Новости-ს აკადემიკოსმა სერგეი სუდაკოვმა. — მარტო ამისთვის ვაშინგტონი ესოდენ მასშტაბურ მანევრებზე არ დაიხარჯებოდა. შეერთებული შტატები მსოფლიო უპირატესობის ახალ მოდელს აყალიბებს. მიაქციეთ ყურადღება: LSE-ში მარტო ამერიკელები მონაწილეობენ, ნატოს სხვა ქვეყნები არ მიუწვევიათ. გადაწყვიტეს მთელ მსოფლიოს აჩვენონ, მათ შორის მოკავშირეებსაც, რომ აშშ — წამყვანი სამხედრო ძალაა პლანეტაზე და შეუძლია მარტო გაუმკლავდეს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს“.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონს დიდი ხანია არ მისცემია ხელსაყრელი შანსი იმისთვის, რომ თავისი სამხედრო-საზღვაო კუნთები საჯაროდ შეეთამაშებინა. აშშ-ში აღლუმები არ ტარდება, ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში ფლოტის სრულად განსათავსებლად ადგილები არ არის. თანაც ქვეყნის პოლიტიკური იმიჯიც სერიოზულად დაზარალდა: დონალდ ტრამპის უთანხმოებები ნატოს წევრ ქვეყნებთან, საპრეზიდენტო არჩევნების საეჭვო შედეგები, BLM-სკანდალები. სუდაკოვს მიაჩნია, რომ შტატები, წარმოაჩენენ რა სამხედრო სიმძლავრეს, ცდილობენ დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ისინი ისევ თამაშში არიან.
შეცდომების გასწორება
რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი მიზანი არ არის. ივლისში გენერალმა ჯონ ჰაიტენმა გასული წლის სამხედრო წვრთნების შედეგები გაასაჯაროვა. სიმულაციაზე ჩინეთსა და ტაივანთან ომი მუშავდებოდა. გენერალმა აღიარა, რომ ამერიკელებმა ვირტუალური კონფლიქტი უზარმაზარი ანგარიშით წააგეს.
„პირობითი მოწინააღმდეგე ათობით წლების განმავლობაში სწავლობდა ჩვენს მეთოდებს და შესანიშნავად იცოდა, როდის და რას გავაკეთებდით“, — თქვა ჰაიტენმა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების აქილევსის ქუსლი, გენერლის თქმით, სამხედრო ჰაიტეკზე დამოკიდებულებაა: თანამგზავრებზე, შორს მსროლელ ზეზუსტ იარაღზე, კიბერშეიარაღებაზე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე. ბოლო ათწლეულების კონფლიქტებში ამერიკელებს ტექნოლოგიურად ბევრად სუსტ მეტოქეებთან ჰქონდათ ხოლმე საქმე. კავშირის თანამედროვე საშუალებებსა და მონაცემების სწრაფად ცვლაზე წვდომა უზარმაზარ უპირატესობას აძლევდა მათ.
ჰაიტენის აზრით, რუსეთმა და ჩინეთმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია პენტაგონისთვის საინფორმაციო სფეროში დომინირება. და, რაც საინტერესოა, მოსკოვსა და პეკინს შეუძლიათ ვაშინგტონისთვის ამ კოზირის წართმევა. გენერალი დარწმუნებულია: მსხილმასშტაბიან ომში რუსები და ჩინელები აქტიურად დაიწყებენ ამერიკული თანამგზავრების, შორი მანძილის რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავებისა და კავშირის სახმელეთო კვანძების ჩახშობას, განადგურებასა და გაუვნებელყოფას.
ვირტუალურმა ჩინეთმა სიმულაციაში მოწინააღმდეგე პირდაპირ დააბრმავა და დააყრუა. ამერიკელებმა დასკვნები გამოიტანეს და Large Scale Exercise-ში ის ვარჯიშები ჩართეს, რომლებიც საინფორმაციო ბატონობის საშუალებას იძლევა ძლიერ არმიაზეც კი. მაგრამ ეჭვი არ არის, რომ მოსკოვი და პეკინი ყურდღებით დააკვირდებიან მანევრებს და დეტალურად გააანალიზებენ ოკეანისგაღმელი ადმირალების ყველა ტაქტიკურ და სტრატეგიულ ნოუ-ჰაუს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს