ოთხი წლის განმავლობაში 13 ათასი დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფა მოხდება

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო 13 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას გეგმავს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განსახლების ოთხწლიანი გეგმის წარდგენისას.
მისი თქმით, აღნიშნული რაოდენობიდან 8 ათასი ბინის მშენებლობასა და შესყიდვას კერძო სექტორი უზრუნველყოფს.
„ეს არ უნდა იყოს პროექტი პროექტისთვის, არამედ ეს უნდა იყოს საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილება ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ 27 წლის წინ დაკარგეს თავიანთი სახლები, მოუწიათ იძულებით გადაადგილება და ბევრი მათგანი დღემდე ცხოვრობს საკმაოდ მძიმე პირობებში“, – განაცხადა ტიკარაძემ. 
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისსა და ზუგდიდში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მარტო 2021 წელს ახალ საცხოვრებელ ფართს დაახლოებით 3 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესში. ფართების განაწილების კრიტერიუმები კიდევ უფრო დაიხვეწა და მაქსიმალურად არის მორგებული იძულებით გადაადგილებულ პირთა მოთხოვნებზე, განაცხადა ტიკარაძემ.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობენ.
ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.