თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე სამი დღით ადრე იაპონიის ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ვირუსის გენომების გლობალურ მონაცემთა ბაზას (GISAID) გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საშიში შტამი „ლამბდა“ დაფიქსირდა, თუმცა ხელისუფლება ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ოლიმპიადის დასრულებამდე არ გეგმავდა, იუწყება ამერიკული გამოცემა Daily Beast.
ინტერნეტ-გაზეთი იაპონიის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ერთ-ერთ მეცნიერს ეყრდნობა, რომლის თქმითაც „ლამბდა“ აეროპორტში მგზავრების შემოწმებისას დაფიქსირდა. თუმცა როდის მოხდა ეს, წყარო არ აზუსტებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მონაცემები ამის შესახებ GISAID-ს 20 ივლისს მიეწოდა.
GISAID-ის ინფორმაციით, შტამი იაპონიაში შეიტანა ადამიანმა, რომელმაც მანამდე აშშ-ის გავლით იმგზავრა. თუმცა იყო თუ არა ეს ადამიანი ოლიმპიური თამაშების მონაწილე, უცნობია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პირების თქმით კი საუბარია ინფიცირებულ ქალზე, რომელიც პერუდან ჩავიდა ტოკიოს აეროპორტში. ანალიზმა აჩვენა, რომ ის სწორედ „ლამბდა“ შტამით იყო ინფიცირებული.
ამასთან იაპონიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი განმარტავს, რომ კორონავირუსის საშიშ შტამს ქვეყანაში არ შეუღწევია, ვინაიდან ინფიცირებული ქალი აეროპორტშივე გადაიყვანეს კარანტინში.
კორონავირუსის „ლამბდა“ შტამი პირველად პერუში გამოვლინდა 2020 წელს. ჯანმოს მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, „ლამბდა“ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, ძირითადად სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში.
იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „ლამბდა“ შტამი მაღალი გადამდებობითა და იმუნიტეტის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. აღნიშნული კვლევის თანახმად, რომლის პრეპრინტიც რესურს bioRxiv-ზეა გამოქვეყნებული, შტამი ფლობს მუტაციას, რომელსაც გამანეიტრალებელი ანტისხეულებისგან თავის დაღწევის უნარი აქვს.
როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) სპეციალისტები ურჩევენ საზოგადოებას, ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ სიმპტომებზე, როგორებიცაა: სხეულის მაღალი ტემპერატურა, გამუდმებული ხველა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ან შეცვლა. როგორც ირკვევა, „ლამდა“ შტამით ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას სწორედ ეს ნიშნები აღენიშნება.