„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა

კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ მალე მოხდება სპეცტექნიკის განახლება, ისინი ასევე მიიღებენ ახალ უნიფორმებსაც.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დღეს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ
როგორც მერიაში აცხადებენ, მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.
ასევე გასული წლის დეკემბრიდან მოხდა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდა.