თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „ფაიზერის“ ვაქცინით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ორსული ქალიშვილი აიცრა.
პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულების აცრა არ მიმდინარეობს.
„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელიც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
68 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ. ლიზი იმნაძე დიზაინერია, მისი ტყუპისცალი ტატა კი მამის გზას გაჰყვა.