კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები, განაცხადა მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. 
არჩევნები 2021 საქართველოში – რა არის აკრძალული წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას
მისი თქმით, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია.
„მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბსა და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი. ეს ადამიანი გახლავთ, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ენერგიული და გამორჩეული წევრი გიორგი ამილახვარი, რომელთან ერთადაც საარჩევნო კამპანიას ისე წარვმართავთ, რომ ჩვენი გამარჯვებით, არა მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არა მხოლოდ მე, როგორც ერთმა კანდიდატმა, არამედ თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ“, – განაცხადა კალაძემ.
საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის, მთავრობის და საკრებულოს წევრები.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე 20 ივლისს დაასახელა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2 აგვისტოს დაიწყო.