თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე კომპანიებისთვის უსაფრთხო დაწესებულების სტატუსის შემოღების ინიციატივით გამოსვლას გეგმავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
„კარგი იქნება კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსის შემოღება, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების 70-80% იქნება ორჯერადად აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ წინადადებას კიდევ ერთხელ დააყენებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სურვილია, რომ საქართველოში მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები გატარდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564.691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178.077 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 393.453 ადამიანი, გარდაიცვალა 5.986 პაციენტი.