გაბუნია: ბავშვებში ვირუსის გავრცელების შემთხვევები გვაქვს, თუმცა მდგომარება უკეთესია

კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები ბავშვებში კვლავ არის, მიუხედავად ამისა, პედიატრიული საწოლფონდი ქვეყანაში არ არის დატვირთული, აცხადებს თამარ გაბუნია.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ბავშვებთან მიმართებით შედარებით უკეთესია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა ბავშვებისთვის დამატებული ჰოსპიტალური საწოლები ამ ეტაპზე გადატვირთული არ არის.
„რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა რჩება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი, პანიკაც, შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია.
რამდენ ხანს გაგრძელდება მეოთხე ტალღის პიკი და რას პროგნოზირებენ ეპიდემიოლოგები
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 564.691 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 178.077 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დასამარცხებლად აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% იყოს ვაქცინირებული.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.