ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ გვაქვს წელს ატმის წარმატებული სეზონი

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 22,9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 20,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. წელს ატმის წარმატებული სეზონი ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს სოფელ ჩუმლაყში გაეცნო, შეხვდა ფერმერებს, სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებსა და ექსპორტიორებს.
„ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ატამი და ვაშლატამა გადის. ამ დროისათვის ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 24 ათასი ტონაა. ვფიქრობ, სეზონი წარმატებით დასრულდება კახეთში. პარალელურად ექსპორტის განხორციელება დაიწყო შიდა ქართლიდან, რაც კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, მიწოდების ჯაჭვში წლების წინ არსებული ძირითადი სისუსტეები სახელმწიფომ აღმოფხვრა.
ატმისა და ვაშლატამას მზარდი ექსპორტი: გამოქვეყნდა სამი თვის მონაცემები
„ეს იყო პრობლემა ხარისხთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩვენ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი გვქონდა. თუ რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, ერთი მეურნეობა იყო, დღეს უკვე 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა მხოლოდ სოფელ ჩუმლაყში. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ატამი იყოს კონკურენტუნარიანი”, – განაცხადა დავითაშვილმა.
მიმდინარე წლის 1 მაისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 22,9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 20,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთსა (14.726 ტონა) და სომხეთში (6.902 ტონა), ასევე უკრაინაში (592 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).
შიდა ქართლში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
სამინისტროს ცნობით, ატმის რეალიზაციის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს, მოქმედებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპი; ფიტოსანიტრები აქტიურად არიან ჩართული პროცესში; სამაცივრე მეურნეობებში იმყოფებიან საბაჟოს წარმომადგენლები, რათა ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდეს.
ხელისუფლების ხელშეწყობით მოქმედებს „მწვანე დერეფნის“ პრინციპი, რის საფუძველზეც პროდუქტი შეუფერხებლად მიდის ლარსის საბაჟო პუნქტამდე.
ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში კახეთში ადგილობრივ მუშახელთან ერთად საქართველოს რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეებიც არიან დასაქმებული.