თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ“ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
შეკრებილები აპროტესტებდნენ ინფორმაციულ ვაკუუმს მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურაში. მათი თქმით, მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ თავად შენობის მომავალი და მასში შენახული ისტორიული საგანძური საფრთხის ქვეშაა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე ჯაჭვი შეკრეს და განაცხადეს, რომ მზად არიან შენობა, აუცილებლობის შემთხვევაში, „ფიზიკურადაც დაიცვან“.
„ამ ადგილს ფიზიკურად დავიცავთ, თუ მოსვლას მოინდომებენ“, – განაცხადა „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მუზეუმის ევაკუაციის დეტალური გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეროვნული საგანძურის საფრთხის ქვეშ დაყენების უფლებას არავის მისცემენ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა უნდა გარემონტდეს, ხოლო რაც შეეხება ექსპონატებს, მათ დროებით სხვა ადგილზე მოათავსებენ და სარემონტო სამუშაოების შემდეგ ადგილზე დააბრუნებენ.
მუზეუმის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ მიექცა, რომ კულტურის სამინისტროს თავდაპირველ გეგმაში ისტორიული შენობის დანგრევა შედიოდა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაწყვეტილება შეიცვალა.