თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის ივლისში 2020 წლის ივლისთან შედარებით) 11,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბოლოს ინფლაციის 10%-იანი დონე 2011 წლის ივნისში დაფიქსირდა.
ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,5%), ჯანდაცვაზე (11,4%), ავეჯსა (11,6%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%). ივლისში სურსათზე ფასი 14,1%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (48%), ბოსტნეული (35,4%), შაქარი (18,1%) და პური (12,4%).
2021 წლის ივლისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 1,3%. ივნისში კი ინფლაცია 0,7% იყო.
რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში
ინფლაციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე და ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გარდა ამისა, რეგულატორის ინფორმაციით, გლობალურ მასშტაბში ნავთობზე ფასების ზრდა აისახება საწვავზე, რაც საქართველოში ინფლაციაზე ზეწოლას ზრდის.
„თბილისში გაზის ტარიფის გაზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალურ მომსახურებაზე გადახდების ზრდა კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინასწარი მაჩვენებლები მიუთითებს ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებაზე, რომელიც არსებულ პროგნოზებზე მაღალი აღმოჩნდა.
„გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური სტიმულიც შენარჩუნებულია. გარდა ამისა, შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს იმპორტის გააქტიურებაც. აღნიშნული ფაქტორების საპირწონედ გაზრდილია საგარეო შემოდინებები, რაც სავალუტო ბაზრის პოზიტიურ დინამიკასა და, შედეგად, ინფლაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივლისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება.
რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა. ივნისში რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.