საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანიაა: რეისების 88% აღდგენილია

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ფრენების გრაფიკი 2021 წლის 30 მარტს დაამტკიცა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს – ორით მეტი ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
საუდის არაბეთის ლოუკოსტერი Flynas საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
სააგენტოს ცნობით, ფრენები 77 მიმართულებით ხორციელდება, მაშინ როცა 2019 წელს 80 მიმართულებით სრულდებოდა.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია რეისების 88%.
1 აგვისტოს მდგომარეობით, ფრენები ხორციელდება 385-405 სიხშირით კვირაში.  შედარებისთვის, 2019 წლის  ანალოგიურ პერიოდში რეისები სრულდებოდა კვირაში 440-460 სიხშირით.
რაც შეეხება თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებს, 2019 წელთან შედარებით ბათუმის აეროპორტში ვითარება ოთხივე პუნქტით  გაუმჯობესდა – რეისების სიხშირე 150%–ით, ავიაკომპანიების რაოდენობა 158%–ით, ქვეყნების რაოდენობა 120%–ით, მიმართულებების რაოდენობა აღდგენილია 158%–ით.
აღდგენის პროცესი შედარებით ცუდად მიმდინარეობს ქუთაისში: რეისების სიხშირე 80%–ით, ავიაკომპანიების რაოდენობა 150%–ით, ქვეყნების რაოდენობა 67%–ით, მიმართულებების რაოდენობა აღდგენილია 72%–ით.
თბილისშიც მსგავსი მაჩვენებელია: რეისების სიხშირე 76%–ით, ავიაკომპანიების რაოდენობა 97%–ით, ქვეყნების რაოდენობა 86%–ით, მიმართულებების რაოდენობა აღდგენილია 95%–ით.
საქართველოს საერთაშორისო ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა.