თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პირველი პირები ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავენ.
„ლაშა მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია. მადლობა, ლაშა“, – ასე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალახაძეს ოლიმპიადაზე გამარჯვება.
ტალახაძეს ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს ახალი რეკორდები პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც მიულოცა.
„საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე – ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა! ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!“ – წერს კუჭავა.
თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთხელ მსოფლიო რეკორდების დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს.
„კიდევ ერთხელ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია! გილოცავთ, ლაშა! ვულოცავ საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.
ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანიც ულოცავს და აღნიშნავს, რომ ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ ქვეყნის გამარჯვებაცაა.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტალახაძეს ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს ახალი რეკორდები სატელეფონო ზარით მიულოცა, მანამდე კი საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა.
ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ჩემპიონობა და მსოფლიო რეკორდების დამყარება საქართველოში აშშ-ის საელჩომაც მიულოცა.
„ლაშა ტალახაძემ დღეს ძალოსნობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ ლაშას ამ გასაოცარ მიღწევებს, ხოლო საქართველოს – ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდე მედალს“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე მან 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც. მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
საბოლოოდ 27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ ოქროს ორჯერ დაეუფლა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.