ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა

პრემიერმა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ოქრო ორჯერ მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცა. 
მეორე ოქრო ტოკიოდან – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია: ვიდეო
მთავრობის მეთაურმა ტალახაძეს ოლიმპიური ოქრო და მსოფლიოს ახალი რეკორდები სატელეფონო ზარით მიულოცა, მანამდე კი საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90 კგ) მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე მან 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
საბოლოოდ 27 წლის ქართველი ძალოსანი რიოს 2016 წლის და ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ ოქროს ორჯერ დაეუფლა. ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა.