თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაციისთვის ცესკოში განაცხადი შეიტანეს.
არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
„ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში, რომელიც არის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – განუცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ხვედელიანმა ჟურნალისტებს.
განაცხადი რეგისტრაციაზე ასევე შეიტანა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“.
ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიაა. მას მმართველი „ქართული ოცნების“ შემდეგ მეორე ადგილი უკავია.
არჩევნებზე პარტია მონაწილეობს ნომრით „5“. მას, როგორც საპარლამენტო პარტიას, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში თავისი წარმომადგენლები ეყოლება.