თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალურ ეტაპზეა.
ქართველი მოჭიდავე, რომელიც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მეოთხედფინალურ ეტაპზე ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელს აკერ ალ ობაიდის შეხვდა და დიდი ანგარიშით 10:0 მოუგო. ზოიძემ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და წინ გასვლა რამდენიმე წამშივე მოახერხა (6:0). ორთაბრძოლის მეორე პერიოდში ქართველმა კიდევ ოთხი ქულის მოპოვება შეძლო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ზოიძემ მერვედფინალში მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა დაამარცხა.
25 წლის ქართველი ფალავანი ნახევარფინალურ ეტაპზე ირანელ მოჰამადრეზა გერაეის შეხვდება. აღნიშნულ წონით კატეგორიაში ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.