თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმი აღმოაჩინა.
სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა სარეალიზაციო ობიექტებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. მათ სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის რვა ნიმუშში.
კრიტიკული შეუსაბამობის გამო მწარმოებლები დაჯარიმდნენ და მათ პროდუქციის სურსათის რეალიზაციიდან ამოღება დაევალათ.
სააგენტოს ინფორმაციით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, დაუშვებელია, რომ რძის ნაწარმი (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კარაქი და ა.შ.) მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს.