ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ორი ავიაკომპანია ბრუნდება

ლიეტუვური და ესტონური ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებენ.
Sputnik
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ზაფხულის სეზონზე საქართველოს მიმართულებით კიდევ ორი ევროპული ავიაკომპანია განაახლებს ფრენებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. 
ისრაელის ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებენ
ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet და ესტონური ავიაკომპანია Smartlynx მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ, შესაბამისად, ვილნიუსი–ბათუმი–ვილნიუსის და ტალინი–ბათუმი–ტალინის მიმართულებით.
ლიეტუვური ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ვილნიუსსა და ბათუმს შორის ავიარეისები 30 აგვისტოს ჩათვლით კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შესრულდება. პირველი რეისი გუშინ უკვე განხორციელდა.
რაც შეეხება ესტონურ Smartlynx-ს, ავიაკომპანია ტალინსა და ბათუმს შორის რეისებს 5 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ (ხუთშაბათი) Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ორივე ავიაკომპანიისთვის აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს გასცა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ლიეტუვის, ისე ესტონეთის ავიაკომპანიები ბათუმის მიმართულებით ფრენებს პანდემიამდე, 2019 წელსაც ასრულებდნენ.