თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მცხეთაში კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გენერალური დირექტორის მხარდასაჭერად გაიფიცნენ, იუწყება „პირველი არხი“.
მათი განცხადებით, კომპანიის გენერალური დირექტორის რომა ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი მმართველი დაინიშნება, რასაც საკადრო ცვლილებები მოჰყვება.
გაფიცული თანამშრომლების ცნობით, „ლიდერფუდის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი ირაკლი დუმბაძე გენერალურ დირექტორს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების საშუალებას არ აძლევს.
როგორც თავად გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიას განუცხადა, ერთ-ერთი მეწილე მას კომპანიის გაკოტრებაში სდებს ბრალს, გამოგონილი ბრალდებებით უჩივის სასამართლოში, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვოს.
„ის საკუთარ კომპანიას ედავება სასამართლოს საშუალებით და ჩემ წინააღმდეგ შეაქვს სარჩელები ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე გადამაყენოს თანამდებობიდან. 20 წელია ამ სფეროში ვმუშაობ, კომპანიისთვის ზიანი არასოდეს მიმიყენებია და ვცდილობ, ვიდრე თანამდებობაზე კიდევ ვარ, რომ კომპანია წავიდეს წინ“, – განაცხადა რომა ანთიძემ.
ირაკლი დუმბაძეს შექნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს უმსხვილესი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო „ლიდერფუდი“ 2009 წელს დაარსდა. ის 50-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს ევროპული ტექნოლოგიებით.