თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს დამნაშავის დროულად დაკავებისთვის.
შსს-მ 31 წლის ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეცვალა. დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
მინისტრმა საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ აღნიშნა, რომ ნებისმიერმა მისმა სიტყვამ შეიძლება გამოძიებას ზიანი მიაყენოს.
„პირველ რიგში მინდა მის ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება. გვაქვს რაღაცები, თუმცა ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
მინისტრმა ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამნაშავე შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს. გომელაურის თქმით, დიდი ალბათობით, აღნიშნული პირი საქართველოს მოქალაქეა.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის ძმა უკვე საქართველოშია, მშობლები კი ავსტრალიის დატოვებას კარანტინის გამო ვერ ახერხებენ.
გამოძიება უახლოეს პერიოდში გარდაცვლილის ძმის დაკითხვას და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას გეგმავს.
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა 31 ივლისს იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული.
როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც ბათუმში პედაგოგად მუშაობდა და თბილისში დასასვენებლად იმყოფებოდა, სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.