თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველმა უწყებამ შეადგინა ფოტორობოტი, რომლის მიხედვითაც ავსტრალიელი ქალის შანაი ბრუკის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა 31 ივლისს იპოვეს.
პოლიცია მესამე დღეა ეძებს პირს, რომელმაც, სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქე მოკლა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფოტორობოტის მიხედვით, დამნაშავის სავარაუდო ასაკი 25-30 წელია, 170 სმ-ზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, ღია ფერის თვალებით.
ფოტორობოტის შესახებ შსს-ს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ იპოვეს. იგი ტოტებით და ფოთლებით იყო დაფარული. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
ავსტრალიის მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) შეიცვალა.